16 ივნისი 2019,   18:33
ვრცლად
ტრაგედია აღაიანში - მომხდარის დეტალები "კურიერმა" გაარკვია

7 თვის ბავშვის მკვლელობის საღამოს ჩვილის მამა, მიხეილ დვალიშვილი, შაბათის კურიერთან იხსენებს. ის ამბობს, რომ ეძებს ძალას, გააგრძელოს ცხოვრება, შვილის გარეშე, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო.

ოთახში, სადაც გაგუდული შვილი ნახა, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც საბედისწერო ღამეს. მიხეილ დვალიშვილი მოჭიდავეა, სპორტულ კარიერა აღაიანში დაიწყო, უნდოდა, უფრო მეტი გაეკეთებინა და სპორტული ოჯახის წევრი გამხდარიყო, თუმცა, ერთ დღეს მისი ცხოვრება ჩამოინგრა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის მწვავე კონფლიქტი არასდროს ყოფილა, ბოლო გაუგებრობა ცოლის ინტერნეტდამოკიდებულებას და Facebook-ით ადამიანებთან ხშირ კომუნიკაციას უკავშირდებოდა.

კურიერი დეტალებს განზრახ არ გიყვებათ, რადგან საქმე სენსიტიურ თემას და არასრულწლოვანს ეხება. კურიერმა ამ რეპორტაჟზე მუშაობის დროს დაადგინა ყველა გარემოება, თუმცა, იმის გამო, რომ თემა მძიმეა და შესაძლოა, ეხებოდეს სხვა ადამიანებსაც, რომელებიც უმძიმესი ტრაგედიის შუაგულში შემთხვევით აღმოჩნდნენ, ამიტომ დეტალებს არ მოგიყვებათ.

დვალიშვილმა გაგუდული შვილი ეტლში თავად ნახა. პირველი ცოლის ძებნა დაიწყო, რომ ვერ იპოვა, ყველაფერს მიხვდა და პოლიციაში დარეკა. ოჯახში უკვე 7 თვის გოჩას დასტიროდა, როდესაც ბავშვის დედამ მიხეილ დვალისვილის დას შეტყობინება გაუგზავნა. ეს ამ მძიმე საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა.

კანონით 16 წელს მიუღწევლ პირთან სქესობრივი კავშირი ისჯება. დვალიშვილების ოჯახი, სადაც შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა ცხოვრობდა, ამბობს, რომ რეალობა ორი წლის წინ სულ სხვა იყო.

შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი წყალტუბოს ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. 17 წლის დედის კლასელები ამბობენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია, სკოლაში კი იშვიათად დადიოდა.

წყალტუბოდან გაპარული მოსწავლის შესახებ სოციალური სამსახურისათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორს. სამსახურში შეტყობინების გაკეთება შოთა კუბლაშვილმა, უბრალოდ, საჭიროდ არ ჩათვალა. დირექტორი იხსენებს, რომ პოლიციამ მცირე მოკვლევა ჩაატარა. კანონი კი არასრულწლოვანი დედის სწავლას არ ზღუდავს.

რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია სოციალურ სამსახურს 16 წლის ახალგაზრდაზე, უცნობია.

პროცედურის მიხედვით, სოციალური მუშაკები ინფორმაციის მოკვლევას ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე იწყებენ. კასპის განყოფილებაში მსგავსი ინფორმაცია არასრულწლოვან დედაზე არ შესულა. გამოდის, რომ პოლიციამ ამბავი იცოდა, დამალა და მსვლელობა არ მისცა.

ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელსაც სახელმწიფო პატივს არ სცემს,  საუბრობს მესამე სექტორი. ბოლო პერიოდის ყველაზე შემზარავმა ფაქტმა ფსიქოლოგებს დაანახა, რომ ქვეყანა ტრაგედიის თავიდან აცილებას სახელმწიფოს ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობით შეიძლებდა.

სწორედ ახლა შესაძლოა, 20 წლის მიხეილ დვალიშვილს გამოძიებამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო ბრალი წარუდგინოს.

 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები