15 დეკემბერი 2019,   06:01
ვრცლად
სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ - სალომე სამადაშვილი

„სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა IDFI-ის კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ გააკეთა.

კვლევის თანახმად, 2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ.

სამადაშვილის შეფასებით, მიყურადება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

სალომე სამადაშვილისთვის საგანგაშოა მაჩვენელი, რომელიც სასამართლოების მიერ შუამდგომლობების დაკმაყოფილებას აღნიშნავს. ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.

„სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, გამოიყენება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური რეჟიმის ამოცანების შესასრულებლად. ის ფაქტი, რომ სასამართლო თითქმის, 100 შემთხვევიდან 100-ვეში აკმაყოფილებს მოთხოვნას მიყურადების შესახებ და არანაირი სხვა კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, ეს მიყურადება აუცილებელი არის თუ არა, ჩვენ რეალურად, არანაირი დაცვითი მექანიზმი არ გვაქვს ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებადი სასამართლოს პირობებში, რომ ვიცოდეთ, ეს მიყურადება რა მიზნით, ვისზე და როგორ ხორციელდება, ანუ ყველა მოქალაქე ჩვენს სახელმწიფოში დღეს არის სრულიად დაუცველი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები