27 იანვარი 2020,   09:18
ვრცლად
ეს დავა ბუნებრივია გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს - კობახიძე "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ მორიგ სარჩელზე საუბრობს

მორიგი თავდასხმა "რუსთავი 2"-ზე - ოპოზიციაში ტელეკომპანიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მთავარ მიზნად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და კრიტიკული მედიის გაჩუმებას მიიჩნევენ.

ისინი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ამ ყველაფერის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესი საქართველოში მმართველი გუნდის სასარგებლოდ დასრულდება.

„ერთხელ სტრასბურგმა უთხრა ივანიშვილს ხელები შორს "რუსთავი2"-ისგან ხელები შორს დამოუკიდებელი მედიისგან და ახლა კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება ივანიშვილის მცდელობა, რომ ქვეყნის დამოუკიდებელი არხი ჩაიგდოს ხელში, ეს არის გამორიცხული,“-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სარჩელი აბსურდულია, თუმცა ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.

„რა ძალმომრეობაზეც არ უნდა წავიდეს მთავრობა, ფაქტი არის რომ მას აქამდე ეს არ გამოსვლია და აწიც არ გამოუვა. ქოჩიაშვილი იქნება, მურუსიძე იქნება თუ გვრიტიშვილი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ სასამართლოში გადაწყვეტილება არ მიიღება, ეს იმდენად იდიოტური სარჩელია, იმდენად სამართლებრივად აბსურდული სარჩელია, ოდნავ ნორმალურ სასამართლოშიც კი არ მიიღებენ ამ სარჩელს,“-აცხადებს უგულავა.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ხელისუფლებას ურჩევენ, რომ არ დაიწყოს ომი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რადგან მისი დამარცხებით დასრულდება.

"ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ სარჩელი პოლიტიკური დავისგან შორს არის და რომ მედია საქართველოში თავისუფალია.

„ტელეკომპანიის წინააღმდეგ არის კერძო დავა, რომელიც წილებს უკავშირდება, როგორც ვიცი. დეტალური ინფორმაცია არც მაქვს. ეს დავა ბუნებრივია გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს. ყაჩაღურად მიითვისა, თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ სააკაშვილმა, "რუსთავი2", ისე როგორც "იმედი," საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელევიზიების ძალიან ფართო სპექტრი - ეს იყო ნათქვამი და ბუნებრივია ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება,“-ამბობს კობახიძე.  

დღის ამბები