24 ივლისი 2019,   09:26
ვრცლად
ფულის გამოძალვა და ფიზიკური ძალადობა კრწანისის სასწავლო ცენტრში - თავდაცვის სამინისტრო სკანდალში გაეხვა

თავდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა - სამინისტროს ერთ-ერთ ელიტურ დანაყოფში ფულის გამოძალვის კიდევ ერთი ფაქტი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. დადგინდა, რომ ახალწვეული ალთუნ აშიროვი კრწანისის სასწავლო ცენტრში სცემეს და ფული გამოსძალეს. სამხედროზე ძალადობის ამბავი, მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც მას სამხედრო ნაწილში დღეს ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ. 

წვევამდელმა აშიროვმა სამხედრო ბაზიდან წერილი გამოაგზავნა და ოჯახს შველა სთხოვა. 

ალთუნ აშიროვთან ერთად სცემეს და ფული გამოსძალეს, 19 წლის ქაზიმ გახრამანოვსაც. დღეს, დაზარალებულმა სამხედრომ „კურიერთან“ დეტალურად გაიხსენა, როგორ შესძლო ნაცემმა სამხედრო ბაზიდან გამოსვლა და ოჯახთან დაკავშირება.

ჯარისკაცების ცემისა და ფულის გამოძალვის გამო, ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს უფლებამოსილება შეუჩერეს, თუმცა ჯარში ძალადობის ფაქტების გახმაურებამ მშობლებში პანიკა გამოიწვია. 

90-იან წლებში დამკვიდრებული ე.წ. „დედოვშინის“ და კორუფციის დაბრუნება - ასე აფასებენ თავდაცვის ყოფილი მინისტრები მომხდარს. დღეს მათ ლევან იზორიას გადადგომა ურჩიეს.

თავდაცვის სამინისტროში სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ სკანდალური ინფორმაცია დღეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც გაახმაურა.

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტზე მოწმეთა გამოკითხვა ისევ გრძელდება. სავარაუდოდ ახალწვეულების ცემისა და ფულის გამოძალვის გამო ორ პირს პასუხისგებაში მისცემენ. შესაძლოა მათ ბრალი მომდევნო 48 საათის განმავლობაში წაუყენონ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები