18 ივლისი 2018,   01:25
ვრცლად
არღვევდით წესრიგს, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდით - გიორგი გახარია ნიკა მელიას მიმართავს

„ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდით, მიგიძღვით ბრალეულობა იმაში, რომ პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით,“ - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, მიმართა.

გიორგი გახარიამ ნიკა მელიას მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დეპუტატის დაკავებას უკავშირდებოდა.

„თქვენ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ნიკა მელიას მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმეზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მუხთარლის საქმეს პროკურატურა იძიებს.

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვასაც  უპასუხა. ნიკა მელიამ გიორგი გახარიას 4 დეკემბერს მის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა და თქვა, რომ მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია.

„დღეს შსს-მ განაცხადა, რომ სასამართლოზე გამოვლენილი ახალი გარემოების გამო გამოძიება გრძელდება და ის შეიძლება, ყველა მიმართულებით განვითარდეს,“ - აღნიშნა გახარიამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები