18 ივლისი 2018,   01:30
ვრცლად
მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო ოპოზიციას ხვდებიან

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები საპარლამენტო ოპოზიციას ხვდებიან. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათი კითხვები ძირითადად არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს შეეხება. ერთ-ერთი პირველი საკითხი კი მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები იქნება.

„მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ხალხს, არის სიღატაკე, უმუშევრობა და უპერსპექტივო მომავალი, ამიტომ ამ ქვეყანას დღეს სჭირდება რეალურად  კრიზისული გეგმა იმისთვის, რომ სასწრაფოდ დავიწყოთ გამოსვლა იმ ეკონომიკური ვითარებიდან, რომელშიც ქვეყანა შევიდა გასული ექვსი წლის მმართველობის შედეგად.

"ვერაფერი მოვისმინეთ პრემიერ მინისტრისაგან, თუ რეალურად როგორ აპირებს, დაძლიოს ეს მთავარი გამოწვევა, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას გვაქვს ძალიან მწვავე შეკითხვები სხვა წარმოდგენილ კანდიდატურებთან მინისტრობის პოსტზე, მათ შორის პირველ რიგში მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სტრუქტურის მესვეურებთან,“ -აცხადებს სალომე სამადაშვილი.

რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას მხარს არ დაუჭერს. ბაქრაძის განცხადებით, გარდამავალი მთავრობის დამტკიცება და ახალი მთავრობის სამ კვირაში წარდგენა არასერიოზულია. 

„ეს ყველაფერი ტოვებს ღრმა არასერიოზულ შთაბეჭდილებას და აღრმავებს იმ აზრს, რომ ამ გუნდს არ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა და ვერ აცნობიერებს პრობლემებს. ბუნებრივია, რომ ევროპული საქართველო ამ გუნდს მხარს არ დაუჭერს და ვიქნებით კრიტიკული ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები