16 ნოემბერი 2018,   21:53
ვრცლად
"თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვაზე წინ დავუდგე და მოვიხვედრო," - გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობაში დროებითი მთავრობის ფორმირებას ეხმაურებიან. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დროებითი მთავრობა ეყოლება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის თქმით, პარლამენტი ყველა პროცედურას იმ პირობით გაივლის, თუ სამი კვირის განმავლობაში მამუკა ბახტაძე წარმოადგენს მთავრობას განახლებული შემადგენლობით.

„ყველა პროცედურას გავივლით ჩვეულებრივად, მაგრამ იმ პირობით, რომ სამი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს სახეცვლილ მთავრობას, სტრუქტურას და შესაბამის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება ინფორმაცია. ამ ხნის განმავლობაში იქნება კონსულტაციები. სამინისტროთა გაერთიანება არ ნიშნავს, რომ რაიმე ხინჯი ან რაიმე მნიშვნელობა მოაკლდება იმ დარგს. გაერთიანება სამინისტროების არ ნიშნავს, რომ დარგი იქნება დაკნინებული,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გედევან ფოფხაძე იუსტიციის მინისტრის შესაძლო ცვლილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის შეცვლას არ ემხრობა.

„თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მას ესროლოს ქვა, ჯერ თვითონ იყოს იმ პოლიტიკური სტანდარტების მატარებელი და ერთგული, რაც გააჩნია იუსტიციის მინისტრს. შესაბამისად, მგონია, რომ ჩემგან თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვაზე წინ დავუდგე და მოვიხვედრო და სხვებმა, როგორც უნდა ისე ჩათვალონ,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

არსებული ინფორმაციით, გაერთიანდება იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროები. ასევე, ერთიანდება განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროები. გაერთიანდება ასევე, ჯანდაცვის და დევნილების სამინისტრო.

ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა, ამჟამად ენერგეტიკის ნაწილი ეკონომიკის სამინისტროდან გამოიყოფა და შეუერთდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს, უკვე ცნობილია. მინისტრობის კანდიდატების სიაში არ არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მათ ნაცვლად სიაში, მათივე ყოფილი მოადგილეები დავით ზალკანიანი და გიორგი ჩერქეზიშვილი მოხვდნენ.

ფინანსთა მინისტრის კანდიდატად მამუკა ბახტაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუაა წარდგენილი.

დანარჩენ სამინისტროებს მთავრობის ძველი შემადგენლობა უხელმძღვანელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები